გზამკვლევის შესახებ

         2018 წლის 4 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო „კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელს განსაზღვრავს, როგორც ხელშეკრულებას საჯარო უწყებას და/ან მუნიციპალიტეტს და კერძო პირს შორის, რომლის საფუძველზეც კერძო პირი იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ, ტექნიკურ და საოპერაციო რისკებს პროექტის შემუშავების, დაფინანსების, აშენების და ექსპლუატაციის პროცესში. პირდაპირი მოლაპარაკების გზით კერძო პარტნიორის შერჩევის შესაძლებლობას კანონი მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში უშვებს.

           საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • გრძელვადიანობა − საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, მაგრამ არანაკლებ 5 წლით;
  • ღირებულება − 2020 წლის 1 ივლისამდე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 5 000 000 ლარისა, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;
  • კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა-პატრონობა ან/და ოპერირება და მოვლა-პატრონობა;
  • საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება;
  • კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

         საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ (17 აგვისტო, 2018 წ.) დეტალურ ინსტრუქციებს იძლევა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების იდენტიფიკაციის, ინიცირების, მომზადების, განხორციელების და განხორციელების შემდგომი ეტაპების შესახებ. ამ პროექტებზე აგრეთვე ვრცელდება “საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონისა” და მთავრობის შესაბამისი №426 დადგენილების მოთხოვნები.

       გარდა ამისა, გენერაციის სფეროში კერძო ინვესტორთა მიერ ინიცირებული ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, რეგულირდება საქართველოს მთავრობის №515 დადგენილებით „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ (31 ოქტომბერი, 2018 წ.).

         ამ გზამკვლევში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის პროცედურა, რომელიც აუცილებელია “საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის” მიღების შემდეგ საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის. ინვესტორთა გზამკვლევში განმარტებულია ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით გათვალისწინებული ნაბიჯი, ინიცირებით დაწყებული დემონტაჟით დამთავრებული, ყველა საჭირო ნებართვის (გარემოს დაცვის, მშენებლობის, ექსპლუატაციის), ვადების, მოსაკრებლების და პროცედურების ჩათვლით.